საუდის არაბეთის პრინცმა რუსული ენერგოკომპანიების აქციები უკრაინის ომამდე ორი დღით ადრე შეიძინა
15 აგვისტო, 2022

საუდის არაბეთის პრინცის, ალ-ვალიდ ბინ ტალალის საინვესტიციო კომპანიამ რუსული ენერგოკომპანიების ფასიან ქაღალდებში 500 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია უკრაინის ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე განახორციელა. ამის შესახებ საუდის არაბეთის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე არის ნათქვამი, რასაც Bloomberg ავრცელებს.
დოკუმენტიდან ჩანს, რომ 2022 წლის 22 თებერვალს Kingdom Holding-მა „გაზპრომისა“ და „როსნეფტის,“ ხოლო 22 თებერვლიდან 22 მარტამდე პერიოდში „ლუკოილის“ სადეპოზიტო ქვითრები შეიძინა. ბირჟის დოკუმენტში მითითებული არ არის, კონკრეტულად რა წილი იყიდა პრიცნმა ამ ფულით. Bloomberg-ის შეკითხვას, ფლობს თუ არა კომპანია ამ აქციებს, Kingdom Holding-მა არ უპასუხა.
2017 წელს ამერიკულმა Forbes-მა ალ-ვალიდ იბნ ტალალის ქონება 18,7 მლრდ დოლარად შეაფასა. მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენების რეიტინგში პრინცი 45-ე ადგილზე იყო. Kingdom Holding-ის ინვესტიციებში შედის ტაქსის აგრეგატორი Lyft, Twitter, Citigroup და სასტუმროს ოპერატორი, Four Seasons Hotels & Resorts. Bloomberg-ის შეფასებით, ალ-ვალიდი საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ინვესტორია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
