სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ედვარდ სნოუდენი აშშ-ში უნდა დაბრუნდეს და მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს
26 სექტემბერი, 2022

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ არის ინფორმირებული ედუარდ სნოუდენის აშშ-ის მოქალაქეობის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით, ვაშინგტონის პოზიცია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ კონტრაქტორთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში არ გამორიცხავენ იმას, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, ედუარდ სნოუდენი ომში გაიწვიონ.
„ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ბატონი სნოუდენი უნდა დაბრუნდეს აშშ-ში და წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ამერიკელი მოქალაქე. შესაძლოა, ერთადერთი, რაც მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით შეიცვალა ის არის, რომ სავსებით შესაძლებელია, უკრაინაში მიმდინარე უგუნურ ომში საბრძოლველად გაიწვიონ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
შეგახსენებთ, რომ როგორც დღეს გახდა ცნობილი, ვლადიმერ პუტინმა ედუარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. სნოუდენს აშშ-ში ჯაშუშობაში ედება ბრალი სადაზვერვო სააგენტოების საიდუმლო თვალთვალის პროგრამის დეტალების გასაჯაროებისთვის. სნოუდენი 2013 წლიდან რუსეთს აფარებს თავს.