სახელმწიფო გრანტი 6550-მდე აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა 100%-იანი, 1500-მდე აბიტურიენტმა 70%-იანი, 4000-ზე მეტმა კი 50%-იანი გრანტი მიიღო
30 აგვისტო, 2022

დღეს, 30 აგვისტოს, 12:00 საათზე ცნობილი გახდა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის შესახებ), - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა, რომელთაგან 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 70%-იანი - 1 500-მდე; 50%-იანი გრანტი კი - 4 000-ზე მეტმა გამოსაცდელმა.
ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე ჩაირიცხა 1 390-მდე გამოსაცდელი; დაფინანსდა 200-ზე მეტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მომავალი სტუდენტები ხელშეკრულების გასაფორმებლად უახლოეს დღეებში უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება.
აბიტურიენტთა პირველი არჩევნის მიხედვით, გასული წლის მსგავსად, ლიდერობს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: სამართალი, ფსიქოლოგია, ჰუმანიტარული მიმართულებები, ბიზნესის ადმინისტრირება და ჯანდაცვის მიმართულება.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილმა 22-მა საგამოცდო ცენტრმა 90 000-მდე აპლიკანტი მიიღო, მათ შორის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი. ძირითადი სესიების პარალელურად მიმდინარეობდა დამატებითი სესიები იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც კოვიდ-19 დაუდასტურდათ.
