სერგი კაპანაძე - მთავარი პრობლემა, რაც ოპოზიციას წლების განმავლობაში ჰქონდა, იყო მოლოდინების ცუდად მართვა - სექტემბერშიც იგივე ფოცხზე არ უნდა დავაბიჯოთ ფეხი
25 ივლისი, 2022
ოპოზიცია პროცესში მონაწილეობს და ეს პარალელურად ხდება კომიტეტებში ვიდრე მივა, თუ ერთობლივ შეხვედრებზე, ჩემი აზრით, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ ორგანიზაცია "გრასის" დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ალტერნატიულ სამუშაო პროცესზე საუბრისას განაცხადა.
სერგი კაპანაძის შეფასებით, ეს საბოლოო ჯამში ალტერნატიული პროცესი არ არის, რადგან კანონპროექტები ბოლოს კომიტეტში მოიყრის თავს და ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ თანამშრომლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაინც მოუწევს.
„ამას ალტერნატიულ პროცესად არ ვუყურებ. საბოლოო ჯამში, ყველა ეს კანონპროექტი კომიტეტებში მიდის და მისი განხილვა იქ იქნება. შესაბამისად, რა მოთხოვნაც ევროკავშირს აქვს, არის ის, რომ ამ დოკუმენტებში და ამ პროცესში იყოს ოპოზიციის მონაწილეობაც, ოპოზიცია მანამდე თუ წინასწარ ხვდება არასამთავრობოებს, იმუშავებს და მერე ამას მიიტანს კომიტეტში, კომიტეტის გარეშე ხომ მაინც ვერ გავა? „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა და მათთან ერთად ამ დოკუმენტებზე გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობა კომიტეტში და პლენარულ სხდომაზე, მაინც მოუწევთ. ამიტომ პრობლემას მაგაში ვერ ვხედავთ.
რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ერთიანი სამუშაო ჯგუფი ყოფილიყო, მაგრამ, ჩემი აზრით, შეუძლებელი გახადა „ქართულმა ოცნებამ“, რადგან რაღაც პირობები დააყენა წინასწარ. თქვა, რომ დეოლიგარქიზაცია არ გულისხმობს ივანიშვილს. მაშინ ოპოზიცია უნდა დათანხმებოდა „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით თამაშს და არა იმ 12 პუნქტს, რომელიც იყო წარმოდგენილი. ამიტომ, მე მგონია, რომ საკმაოდ ჭკვიანური ნაბიჯია. „ქართულ ოცნებას“ ცალკე აქვს პროცესი, თუმცა მე ვერ ვხედავ, რომ იქ ინტენსიურად მიდის მუშაობა. არც მედიაში შუქდება და მე მგონი, სულ ერთი შეხვედრა იყო მარტო და ეს უფრო ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოჩვენებითი პროცესი უფროა.
ამ წუთში ოპოზიცია პროცესში მონაწილეობს. ეს ახლა პარალელურად ხდება კომიტეტებში სანამ მივა თუ ერთობლივ შეხვედრებზე ხდება, არ აქვს, ჩემი აზრით, პრინციპული მნიშვნელობა, თუმცა ვიღაცის თვალში შესაძლოა ცოტა არასერიოზულად ჩანდეს ეს ყველაფერი, თუმცა მე მგონი, ისიც ესმით ამ ადამიანებს, რომ აქ ისეთი დონის პოლარიზებაა, ეს პოლარიზება გამოწვეულია „ქართლი ოცნების“ დამოკიდებულებით საწინააღმდეგო აზრის გამტარებლის მიმართ, რომ ასეთი ტიპის პატარა გადახრები პროცესიდან შეიძლება არსებობდეს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. სერგი კაპანაძემ გადაცემაში ოპოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა, რაც ოპოზიციას ჰქონდა ამ წლების განმავლობაში მოლოდინების ცუდად მართვაა. „უნდა გვქონდეს მოლოდინების სწორი მართვის შესაძლებლობა. ერთი მთავარი პრობლემა, რაც ოპოზიციას ჰქონდა ამ წლების განმავლობაში იყო მოლოდინების ცუდად მართვა. ისინი ხშირად აჩენდნენ მოლოდინს, რომ მალე შეიცვლება ხელისუფლება, ხვალ ზეგ შეიცვლება, ბევრი ხალხი გამოვა და დიდი რაღაც მოხდება და მერე ეს რომ არ ხდებოდა ეს იწვევს ხალხში იმედგაცრუებას, არა მარტო ხალხში, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრშიც, სექტემბერშიც იგივე ფოცხზე არ უნდა დავაბიჯოთ ფეხი. მე მგონია, რომ ოპოზიციაც და საზოგადოებაც მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ეს პროცესი გრძელდება 2024 წლამდე. მანამდე არც არჩევნები იქნება და ხელისუფლება არ შეიცვლება. ჩვენ გვაქვს ახლა დღის წესრიგი, რაზეც უნდა ვისაუბროთ, ეს არის 12 პუნქტი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.