შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, ბელარუსი არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს, ვიმედოვნებ, ჩვენი დიპლომატიური ნაბიჯები მივიდა ადრესატამდე და გვექნება ადეკვატური რეაქციები
მნიშვნელოვანია, ბელარუსი, რომელიც იყო არაღიარების პოლიტიკის ერთგული ქვეყანა, ამ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თამჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტთან“ დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული დიპლომატიური ნაბიჯები, განცხადებები მივიდა ადრესატამდე და იქნება ადეკვატური რეაქციები.
„აქ მთავარი არის, რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიო, ცხადი და ამავე დროს გათვლილი დიპლომატიური ნაბიჯები. ვნახეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან იყო საკმაოდ ადეკვატური, მკაცრი რეაგირება, როდესაც ბელარუსის ელჩი დაიბარა და განმარტებები მოსთხოვა.
ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ლიდერის შემოსვლა საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ბელარუსი, რომელიც იყო არაღიარების პოლიტიკის ერთგული ქვეყანა, ამ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ დიპლომატიური ნაბიჯები, რომელიც გადადგა, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და განცხადებები, რომელიც ჩვენი მხრიდან გაკეთდა, ადრესატამდე მივიდა და ადეკვატური რეაქციები გვექნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.