შალვა პაპუაშვილი - უცხოელმა აქტორებმა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ქართულ პოლიტიკაში, პასუხისმგებლობაც უნდა აიღონ, რომ ამ ქვეყანაში რადიკალები არ წაახალისონ
17 სექტემბერი, 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ახლა ჰქონდა ვიზიტი ბრიუსელში, გერმანიაში და ვნახეთ, სად დგას საქართველოს ხელისუფლება, ის დგას ბრიუსელში, დგას ბერლინში და სხვა დედაქალაქებში, სადაც არის ევროპა, დასავლეთი და პროგრესი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რით არის განპირობებული ადამ კიზინგერის განცხადება, რომელიც უკრაინაში ქართული ლეგიონს მოუწოდებს, მთავრობიდან რუსული აქტორები გაყარონ და რას ემსახურება საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელის ამგვარი განცხადება.
შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია, ადამ კიზინგერის განცხადება ინფორმაციის ნაკლებობის შედეგად იყოს გაკეთებული, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ინფორმაციის კონტექსტიდან ამოგლეჯილად მიწოდების ხელოვნებაში დღეს ძალიან ბევრი ჯგუფია დახვეწილი, მათ შორის, ზოგიერთი მედიაჯგუფიც და არც ეს არის გამორიცხული. თუმცა პაპუაშვილის თქმით, აქ მთავარია არა სიტყვა და რიტორიკა, არამედ საქმე და სიმართლე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებითვე, საქმით კი, თუ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას შევხედავთ, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო ყველაზე ახლოსაა ევროპასთან.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ქვეყანა წინ წავიდეს.
„მათ შორის, ამ თვეების განმავლობაში იყო მცდელობა, რომ რადიკალურ ოპოზიციას შეერყია ხელისუფლება. სინამდვილეში, ისინი ამით ქვეყანას არყევდნენ. ჩვენ ვნახეთ, სულ ახალი ციფრები რაც არის, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანას აქვს დაგეგმილზე მეტი შემოსავალი. მომავალ კვირაში განვიხილავთ ბიუჯეტს, რომელიც იზრდება. არის უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე დაგეგმილი იყო და უფრო ნაკლები ვალი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უმუშევრობა კვლავ გამოწვევად რჩება, თუმცა ამავე დროს, უმუშევრობა დღეს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მინიმუმზეა ჩამოსული.
„18%-ია, თუ არ ვცდები. 17,5% იყო უმუშევრობა და ახლა 18%-ია, მაშინ, როდესაც 2012 წელს 30 % იყო. ასე რომ, უმუშევრობა მინიმუმამდეა დასული და მათ შორის, სოციალური დასაქმების კუთხითაც, სხვადასხვა პროგრამით სამუშაო ადგილები იქმნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ მედია საქართველო, რომელიც რეალური საქართველოს პარალელურად არსებობს, ყველაფერს ისე წარმოაჩენს, თითქოს ქვეყანაში მუდმივი პრობლემებია, მაგრამ საზოგადოება ხედავს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდის, რისკები შემცირებულია და უსაფრთხოება გარანტირებული.
მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რადიკალური დღის წესრიგი არ წაახალისოს.
„მათ შორის, ესეც იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ სულ ახლახან ჩატარდა კონფერენცია თბილისში და იქ მე არ მივედი. მათ შორის, არ მივიდნენ ჩემი კოლეგები „ქართული ოცნებიდან“. იმიტომ, რომ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საზოგადოებას რადიკალური დღის წესრიგით კვებავენ, იქ იყვნენ წარმოდგენილი პოდიუმზე, ასე ვთქვათ, მომხსენებლებად, მიეცათ ტრიბუნა და ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიციაა, რადიკალურ ჯგუფებს ტრიბუნა არ უნდა მიეცეს, ვინაიდან ეს მათ ახალისებს თავიანთ რადიკალიზმში. ჩვენ შედეგები ვნახეთ – ეს კონფერენცია ორი დღის დასრულებული იყო, როდესაც ვნახეთ ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ სანქციების სიების რაღაც ახალი ვერსიები და ვნახეთ იგივე „გირჩის“ მხრიდან საბოტაჟის დაანონსება და ა.შ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან შინაარსი ნაკლებად, მაგრამ ვნახეთ, რომ განსაკუთრებით ემოციურად არიან აღელვებული და ვნახეთ ყველა, „ლელო“ და ა.შ. სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში ვნახეთ შედეგი იმისა, თუ რას ნიშნავს რადიკალებისთვის ტრიბუნის მიცემა. ეს ნიშნავს მათ გამყარებას საკუთარ რადიკალურ დღის წესრიგში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რადიკალიზმი არ უნდა წახალისდეს და ეს არის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ყველას პასუხისმგებლობა, ვინც თავს საქართველოს მეგობრად თვლის.
„დეპოლარიზაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ ასევე უცხოელმა აქტორებმა, ვინაიდან ისინი, ვინც აქტიურად არიან ჩართული ქართულ პოლიტიკაში, ამავე დროს, პასუხისმგებლობაც უნდა აიღონ საკუთარ თავზე, რომ ამ ქვეყანაში რადიკალები არ წაახალისონ, რადგან რადიკალების წახალისება ეს არის ამ ქვეყნის და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.