შვედეთის პრემიერის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე გაჟონვა სავარაუდოდ დივერსიაა
28 სექტემბერი, 2022

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე გაჟონვა სავარაუდოდ დივერსიაა.
პრემიერის თქმით, შვედეთი ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზეა ნატო-სთან და მეზობელ ქვეყნებთან, დანიასთან და გერმანიასთან.
„ჩვენ გვაქვს დაზვერვის მონაცემები, მაგრამ ასევე მივიღეთ ინფორმაცია დანიიდან და ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა. სავარაუდოდ საქმე გვაქვს დივერსიასთან. საუბარი არ არის შვედეთის ან დანიის ტერიტორიაზე თავდასხმაზე, თუმცა მთავრობა ძალიან სერიოზულად ეკიდება მომხდარს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენს სიახლოვეს უსაფრთხოების ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით“, – განაცხადა მაგდალენა ანდერსონმა.
„ჩრდილოეთის ნაკად 1“-ის და „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის გაზსადენებზე გაჟონვა მოხდა. ამჟამად არც ერთი მათგანი არ მუშაობს. ევროპა მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.
ავტორი - თამთა რუხაძე