სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ, არიან დაღუპულები და დაჭრილები
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილით სომხეთის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორი სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ერთი დაიჭრა, - ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სოტკის სექტორში სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად ორი დაიღუპა და ერთი დაიჭრა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური დრონით თავდასხმის შედეგად სამი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა. კერძოდ, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ქელბაჯარის რაიონში მდებარე აზერბაიჯანული არმიის პოზიციებზე სომხური დრონით თავდასხმის შედეგად ორი ჯარისკაცი დაშავდა. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხური მხარის მიერ ბასარკეჩარის (ვარდენისი) რაიონის ზოდის დასახლებაში მდებარე პოზიციებიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაშავდა.