სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე ამ დროისთვის სამართალდამცველები არიან მობილიზებული
სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. მედიის ინფორმაციით, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე ამ დროისთვის სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობიდან წასვლისთვის ვადა გუშინ 20:00 საათამდე მისცეს. ეს მოთხოვნა აქციაზე არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალასტიანმა გამოაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, 10 მაისიდან სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციები გაიმართება.
არქიეპისკოპოსი გალასტიანი მოძრაობის, „ტავუში სამშობლოს სახელით“ ხელმძღვანელია. ის და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივი დათმობების წინააღმდეგ გამოდიან.
სომხეთში საპროტესტო გამოსვლები 20 აპრილიდან გრძელდება. საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის შეთანხმებასა და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემას აპროტესტებენ.