სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს, ალექსანდრე სამხარაძეს ბრალდება წარუდგინეს
30 აგვისტო, 2022
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს ალექსანდრე სამხარაძეს საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლით ბრალდება წარუდგინეს.
მისი უფლებადამცველის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, საქმე ეხება მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ვაზნებს.
„ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო, საშტატო იარაღი ჰქონდა. როდესაც თანამდებობა დატოვა, იარაღი ჩააბარა, ხოლო ტყვიების ჩაბარება დაავიწყდა და ამან მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა გამოიწვია. 16 ივნისს, როდესაც მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, ეს ტყვიები აღმოაჩინეს და ბრალი დღეს წაუყენეს,“ - განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.
ადვოკატის თქმით, ალექსანდრე სამხარაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. ის სასამართლოზე ალექსანდრე სამხარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.
„დაკავების საფუძველი არ იყო და არ დაუკავებიათ. ბრალი წაუყენეს და გამოუშვეს. სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მე ვფიქრობ, რომ მის მიმართ პატიმრობა არ იქნება გამოყენებული. მე გირაოს შეფარდებასაც არ მოვითხოვ. გირაოს არ დავეთანხმები, რადგან მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობსდა ამიტომ აღკვეთის არც ერთი ღონისძიება არ უნდა იქნას გამოყენებული,“ - განაცხადა ადვოკატმა.