სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის მიერ სოსო გოგაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს
30 აგვისტო, 2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის მიერ სოსო გოგაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
ადვოკატის ცნობით, დაკითხვა დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
სოსო გოგაშვილის დღევანდელი დაკითხვა, სავარაუდოდ, მის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებას შეეხება, სადაც მან დაწერა, რომ ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილის ნომერი მას შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დავალებით გადასცეს.
გოგაშვილის მტკიცებით, დიმიტრი მჭედლიშვილი „პროკურატურის აგენტია“ და მან უთხრა, მისგან რა ჩვენებას ითხოვდნენ.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის განცხადებით, დიმიტრი მჭედლიშვილის საქმით ადვოკატთა ასოციაცია და სპეციალური საგამოძიებო სამსახური უნდა დაინტერესდნენ.