სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ვატოპედის მონასტრის დელეგაციას უმასპინძლა
15 სექტემბერი, 2022

15 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი და მისი თანმხლები პირები მიიღო. აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში არიან ამავე მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერებიც. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
არქიმანდრიტმა ეფრემმა მის უწმინდესობას საჩუქრად გადასცა ქართველი ბერების მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ხატის, ,,მანუგეშებელის“ ზუსტი ასლი, რომელიც მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში დაბრძანდება.
მამა ეფრემმა ასევე განაცხადა, რომ ასრულდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დიდი ხნის სურვილი და ათონის მთაზე წირვა-ლოცვა უკვე ქართულადაც აღესრულება.
მისმა უწმინდესობამ სტუმარს საქართველოს ეკლესიისა და ქართველებისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული მზრუნველობისთვის მადლობა გადაუხადა, დალოცა იგი და ღვთის სადიდებლად კვლავაც ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

