სუს-ი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
26 ივლისი, 2022
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ქრისტინე თაკალანძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხდებაში აღნიშულია, რომ ქრისტინე თაკალანძის გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით მიმდინარეობს.
„ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.
საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“, - ნათქვამია განცხადებაში.