თაღლითობისა და უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს და ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში ოთხი პირი დააკავეს.
ორ დაკავებულ პირს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.
საქმეზე ასევე დააკავეს დები, რომელთაც ბრალად ედებათ ორი ან მეტი პირის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და ორგანიზების გაწევა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სოციალურ ქსელ „Facebook“-ში, მათ მიერვე შექმნილ სხვადასხვა ჯგუფში, დაინტერესებულ პირებს, მომსახურების ანაზღაურების წინსწრებით გადახდის სანაცვლოდ, ყალბი საბუთების დამზადების გზით, მექსიკის გავლით, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას სთავაზობდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად გადაყვანის მსურველი პირები წინასწარ, საფასურის სახით, გარკვეულ თანხებს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კომერციულ ბანკში გახსნილ ანგარიშებზე რიცხავდნენ. მას შემდეგ, რაც ბრალდებულები თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ, დაზარალებულებთან კომუნიკაციას წყვეტდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულების დანაშაულებრივი საქმიანობით გამოწვეული მატერიალური ზიანი, დღეის მდგომარეობით შეადგენს 69080 აშშ დოლარს, 4830 ევროსა და 6290 ლარს.
პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და საბანკო პლასტიკური ბარათები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო დაკავებულების უძრავ ქონებას, ავტომანქანებსა და საბანკო ანგარიშებს.
რაც შეეხება ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დაკავებულ დებს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს ირლანდიის ყალბ ტრანზიტულ ვიზას უმზადებდნენ, თითქოს დუბლინის საერთაშორისო აეროპორტში ტრანზიტული მიზნით მიემგზავრებოდნენ, აეროპორტში ჩაფრენის შემდგომ კი საქართველოს მოქალაქეები ირლანდიის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შედიოდნენ.
დანაშაულები 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.