ტაივანის პრემიერი - ტაივანის მხრიდან ჩინეთის დრონის ჩამოგდება "მიზანშეწონილი გადაწყვეტილება“ იყო
2 სექტემბერი, 2022

ტაივანის პრემიერი სუ ჩჟენ-ჩანი აცხადებს, რომ ტაივანის მხრიდან ჩინეთის დრონის ჩამოგდება "მიზანშეწონილი გადაწყვეტილება“ იყო.
მისი თქმით, დრონი ტაივანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კუნძულ კინმენის თავზე გაფრთხილების მიუხედავად მეორედ შეიჭრა, შესაბამისად, ტაივანელი სამხედროების გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკური იყო.
"მათ არაერთხელ უგულებელყვეს ჩვენი გაფრთხილება და ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა გარდა თავდაცვისა და დრონის ჩამოგდებისა. ეს არის ყველაზე შესაფერისი რეაქცია განმეორებითი გაფრთხილების შემდეგ", - განაცხადა ტაივანის პრემიერ-მინისტრმა.
როგორც Reuters წერს, ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ტაივანმა ჩინეთის დრონზე იერიში განახორციელა.
შემთხვევას გამოეხმაურა ოფიციალური პეკინიც. მათი განმარტებით, ტაივანი დაძაბულობის გაღვივებას ხელოვნურად ცდილობს.