თამარ არჩუაძე - ვფიქრობთ, 2023 წელს ქუთაისის აეროპორტი მილიონ მგზავრს მოემსახურება
25 სექტემბერი, 2022
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, თამარ არჩუაძე აცხადებს, რომ 2023 წელს ქუთაისის აეროპორტი, სავარაუდოდ, მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება. ამის შესახებ განცხადება თამარ არჩუაძემ Galt&Taggart-ის მიერ მოწყობილი დისკუსიის დროს - "ტურიზმის სექტორი: გამოწვევები და პერსპექტივები" გააკეთა.
“ქუთაისის აეროპორტი, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაციის გამო, 2 კვირის განმავლობაში დაიკეტება. გაზრდილი მოთხოვნის გამო, მიმდინარე წელს ასევე გაფართოვდა და 6-ჯერ გაიზარდა ქუთაისის ტერმინალი. ვფიქრობთ, მომავალ წელს მილიონ მგზავრზე მეტს მოვემსახურებით”, - აცხადებს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი.
2022 წლის იანვარ-აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჯამში 534 007 მგზავრს მოემსახურა. არსებობის მანძილზე, ყველაზე მეტი მგზავრი ქუთაისის აეროპორტს 2019 წელს ჰყავდა - 873 616-მა მგზავრი. ამ ეტაპზე აეროპორტში 6 ავიაკომპანია - 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ასრულებს ფრენებს.