თამარ მახარაშვილმა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მხარდამჭერი პროგრამები განიხილა
21 სექტემბერი, 2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მხარდამჭერი პროგრამების განვითარების კუთხით სამომავლო გეგმები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა „აფხაზეთის სკოლების მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და მიღწევები განიხილეს.
„მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების მიღების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების გაძლიერების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება წარმოადგენს.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე უფრო დეტალურად იმსჯელებს.
აღსანიშნავია, რომ უწყებებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში 2021 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს აფხაზეთის სკოლების ონლაინ საკვირაო სკოლა, რომელიც 80 მოსწავლეს აერთიანებს. 2022 წლის იანვარში კი, შეიქმნა „აფხაზეთის სკოლების მხარდამჭერი პროგრამა“, რომლის მიზანია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხელშეწყობა.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე და „აფხაზეთის სკოლების მხარდამჭერი პროგრამის“ ხელმძღვანელი ანა კუდუხაშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.