თბილისის საქალაქო სასამართლოში სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
18 ივლისი, 2022
თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს, ბრალდების მხარე კი - პატიმრობას.
პროკურორი მაია სილაგაძის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე სხდომის დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს, ვინაიდან წარდგენილი მასალები გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტებს და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს.
,,ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ მის მიმართ გამოყენებული იყოს პატიმრობა. გარდა ამისა, ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე დააყენებს შუამდგომლობას სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, ვინაიდან წარდგენილი მასალები შეიცავს გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტებს და პერსონალურ მონაცემებს”, - აღნიშნა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.