თბილისში 19-წლამდე სპორტსმენებს შორის მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ახალგაზრდული სერია გაიმართება
18 სექტემბერი, 2022

თბილისი ქართული მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებას უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქში 19-წლამდე სპორტსმენებს შორის მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ახალგაზრდული სერია გაიმართება.
ტურნირი სპორტული კომპლექსი არენა 2-ში 19-25 სექტემბერს ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 18 ქვეყნის 125-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი ეწვევა.
საქართველოდან ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 20 სპორტსმენი (4 აჭარის რეგიონიდან, 2 აბაშადან, 16 კი თბილისის სხვადასხვა კლუბებიდან).
ტურნირის მთავარი ორგანიზატორია საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაცია და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
„არენა 2“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ საქართველოს აქვს შანსი, მაგიდის ჩოგბურთში კიდევ უფრო დიდი მასშტაბის ტურნირებს უმასპინძლოს.
„ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ასეთი დონის ტურნირი კერძო ფონდის თანადგომით ტარდება. ჩვენი ფონდი მოხარულია, რომ მისი ორგანიზატორია. იმედია, მსოფლიო თასის ახალგაზრდული ტური მაღალ დონეზე ჩატარდება და საქართველო სხვა უფრო მნიშვნელოვანი ტურნირის მასპინძელი გახდება“, – განაცხადა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
მიჩელ კარლუშ ჰიბერნიანი, მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის შეჯიბრებების მენეჯერი: „ტურნირის რამდენიმე ქვეყანაში გამართვის ვარიანტი გვქონდა. მაგრამ საქართველოს შემოთავაზება იყო ყველაზე საინტერესო და დასაბუთებული. მომეწონა ქართული მხარის ორგანიზაცია და სპორტული კომპლექსი, სადაც თამაშები გაიმართება. მიმაჩნია, რომ საქართველო უფრო დიდი მასშტაბის ტურნირების სამასპინძლოდაც მზადაა“.
ავტორი - მერაბ მამულაშვილი