თეა წულუკიანმა სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორი და კანცლერი წარადგინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორი – მხატვარი, პროფესორი ყარამან ქუთათელაძე და ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი ლალი თარიმანიშვილი წარადგინა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ახალი რექტორის არჩევნები გაუმჯობესებული წესდებით გაიმართა და პროცესი გამჭვირვალედ და დემოკრატიულად წარიმართა.
სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორის არჩევნები მიმდინარე წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. კანდიდატურა შეირჩა კონკურსით და აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, რექტორად ოთხი წლის ვადით ყარამან ქუთათელაძე აირჩია.
ყარამან ქუთათელაძე 1976-1983 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, 1983-2006 წლებში ამავე აკადემიაში პედაგოგად მუშაობდა, 2005-2006 წლებში კი იყო სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) პოზიციაზე ლალი თარიმანიშვილი ასევე კონკურსის წესით შეარჩია აკადემიურმა საბჭომ და დასამტკიცებლად წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინა. ის ამ პოზიციაზე 26 ოქტომბერს ოთხი წლის ვადით დაინიშნა. აკადემიის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 5 ნოემბერს აკადემიურმა საბჭომ ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსების საფუძველზე ასევე ოთხი წლით შეარჩია აკადემიური პერსონალი. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი გახდა მეგი წითლიძე, დიზაინის ფაკულტეტის დეკანი – გიორგი იაშვილი, რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანი – თამარ ხუნდაძე, არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი – ირაკლი პირმისაშვილი, მედიახელოვნების ფაკულტეტის დეკანი კი – ნანა იაშვილი.