თენგიზ ცერცვაძე - ნიუ-იორკში ზურაბ აზარაშვილის მოხსენებამ უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა, აღინიშნა, რომ საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა
23 სექტემბერი, 2022

20 სექტემბერს, ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის დღეებში გაიმართა ჰეპატიტების ელიმინაციის გაეროს ქარტიის/მეგობართა ჯგუფის დაფუძნების საინიციატივო ჯგუფის მაღალი დონის შეხვედრა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, ძირითადი ორგანიზატორები იყვნენ ატლანტის ემორის უნივერსიტეტის პროფესორი, მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის იდეის ერთ-ერთი ინიციატორი John Ward და ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინის დარგში (C ჰეპატიტზე კვლევებისათვის), ამერიკის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის (NIH/NIAID) პროფესორი Harvey J. Alter.
„პროფესორი John Ward იყო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ხელმძღვანელი ამერიკის CDC-ს მხრიდან. გაეროს ქარტიის/მეგობართა ჯგუფის მიზანია მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის, როგორც გლობალური ჯანდაცვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემის გადაჭრის ხელშეწყობა, მათ შორის C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში ყველაზე წარმატებული ქვეყნების გამოცდილების, სხვა ქვეყნებისათვის გაზიარების გზით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაეროსა და ჯანმოს წარმომადგენლები და 20-ზე მეტი ქვეყნის ჯანდაცვის ხელმძღვანელები.
საქართველო ამ მაღალი დონის შეხვედრაზე, მიწვეული იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში ლიდერი ქვეყანის სტატუსით (“Georgia is now a global leader in hepatitis C elimination”). საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის მინისტრი ბატონი ზურაბ აზარაშვილი. მინისტრთან ერთად ქ. ნიუ იორკში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ბატონი გიორგი ენუქიძე და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, პროფესორი აკაკი აბუთიძე.
ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა თავის მოხსენებაში ისაუბრა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ქართული მოდელზე და დამსწრეთ გააცნო საქართველოს გამოცდილება, ძირითადი მიღწევები და გამოწვევები. მოხსენებამ შეხვედრის მონაწილეების დიდი ინტერესი და უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო არის C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში ყველაზე წარმატებული ქვეყანა და მისი გამოცდილება დიდად დაეხმარება სხვა ქვეყნებს ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემასთან ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ამ პროგრამის ფარგლებში უკვე განიკურნა 80 ათასამდე ქრონიკული C ჰეპატიტით ავადმყოფი. არცერთ სხვა ცალკე აღებულ ჯანდაცვით პროგრამას (მხედველობაში არა მაქვს საყოველთაო ჯანდაცვა) არ გადაურჩენია ამდენი ადამიანის სიცოცხლე. ბატონ ზურაბ აზარაშვილს აგრეთვე წილად ხვდა დიდი პატივი სპეციალური მიმართვით მიემართა მსოფლიო ქვეყნებისათვის და მოეწოდებინა შეერთებოდნენ გაეროს ქარტია/მეგობართა ჯგუფს და გააერთიანებინათ ძალისხმევა C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში. შეხვედრაზე გადაწყდა ჰეპატიტების ელიმინაციის გაეროს ქარტიის/მეგობართა ჯგუფის ოფიციალურად დაფუძნება“, - აცხადებს ცერცვაძე.