ტესტირებისას, ჯეიმს ვების ტელესკოპმა ფოტო იუპიტერსაც გადაუღო
13 ივლისი, 2022
უკვე ვიცით, რომ პლანეტური ნისლეულის გადაღებისას, ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა შემთხვევით შორეული გალაქტიკაც დააფიქსირა.
თუ ეს საკმარისი არ არის, კიდევ ერთ ამბავს გეტყვით: როგორც ჩანს, ტელესკოპმა უჩუმრად იუპიტერსაც გადაუღო! ფოტოები წარმოუდგენლად მშვენიერია. ტელესკოპის ჯგუფის განცხადებით, სურათები ტესტირებისას არის გადაღებული. ფოტოებზე ჩანს იუპიტერი თავის რგოლებით, ასევე მისი სამი ბუნებრივი თანამგზავრი: ევროპა, თებე და მეტისი. მარცხენა სურათზე, იუპიტერის სახელგანთქმული დიდი წითელი ლაქის გვერდით, ასევე ხედავთ ევროპას ჩრდილს. ფოტოები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახლო-ინფრაწითელი კამერის (NIRCam) მიერ არის გადაღებული და გამოიყენეს ორი სხვადასხვა ფილტრი, რომლებიც სინათლის ცალკეულ ტალღის სიგრძეებს წარმოაჩენს. ტესტის ერთ-ერთი მიზანი იყო იმაში დარწმუნება, რომ ტელესკოპს შეუძლია თვალყური ადევნოს მზის სისტემაში სწრაფად მოძრავ ობიექტებს.