ტოივო კლაარი - ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს სომხეთისა და აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას საქართველოში შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით
16 ივლისი, 2022
ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს სომხეთისა და აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი „ტვიტერში“ წერს.
„მქონდა შესანიშნავი შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან და ვიცე-პრემიერ მუსტაფაევთან. შევაფასეთ სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობა. ასევე გამოვხატე ევროკავშირის მხარდაჭერა აზერბაიჯანისა და სომხეთის გადაწყვეტილების მიმართ, გამართონ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოში“, – აცხადებს ტოივო კლაარი.
ცნობისათვის, დღეს თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრაა დაგეგმილი.