ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტრენინგი - „ტურისტული სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის”
19 სექტემბერი, 2022
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით უსასყიდლოდ ტრენინგებს აგრძელებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ტურისტული სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის– მომსახურება და უსაფრთხოება” ტრენინგების კურსი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბაღდათში, წყალტუბოში, ზუგდიდში, მესტიაში, ამბროლაურში, ონში, ოზურგეთში, ბორჯომში, სტეფანწმინდაში, გორსა და თელავში ტარდება.
„ტრენინგების ფარგლებში ტურიზმის სფეროს 350 წარმომადგენელი გადამზადდება. კურსი განკუთვნილია განთავსების, ასევე კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისათვის, გიდებისათვის, ასევე სექტორში დასაქმების მსურველთათვის.
ტრენინგების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
ტრენინგების მიზანია შიდა ტურიზმის ხელშეწყობა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
ტრენინგის თემატიკა: საერთაშორისო სტანდარტი „ინკლუზიური ტურიზმი და ISO 21902:2021 ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სერვისები – ინკლუზიური ტურიზმი ყველასთვის – მოთხოვნები და რეკომენდაციები 2021-07“; ინფრასტრუქტურისა და სერვისების მისაწვდომობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა შშმ პირთათვის – უნივერსალური დიზაინი, მისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები; ინკლუზიური ტურიზმის გამოწვევები საქართველოში და მსოფლიოს გამოცდილება; ტურიზმისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული პირებისა და სერვისის მიმწოდებლებისთვის – შშმ პირებთან ურთიერთობის ეთიკა, სწორი კომუნიკაცია და ტერმინოლოგია”, - ნათქვამია გავრცელუბულ ინფორმაციაში.