თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი - თურქული „სილივრის“ გაზსაცავი ევროპაში უმსხვილესი გახდება
26 ივლისი, 2022
თურქული „სილივრის“ გაზსაცავი ევროპაში უმსხვილესი გახდება. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა.
დღესდღეობით, „სილივრის“ საცავში 3.2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის აკუმულირება არის შესაძლებელი, თუმცა მინისტრის თქმით, მალე ეს მოცულობა 4.6 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, ასევე დღე-ღამეში 28 მილიონი კუბური მეტრიდან 75 მილიონამდე გაიზრდება მიწოდების შესაძლებლობა, რის შედეგადაც „სილივრი“ ევროპაში ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი საცავი გახდება.
პროექტის დასრულება წლის ბოლოსთვისაა ნავარაუდევი. როგორც ენერგეტიკის მინისტრი აღნიშნავს, პარალელურად მიმდინარეობს მიწისქვეშა გაზსაცავ „თუზ-გელუს“ პოტენციალის გაფართოება. როგორც მედია წერს, „თუზ-გელუს“ დღეისთვის 1.2 მილიარდი კუბური მეტრი აირის აკუმულირების შესაძლებლობა აქვს, 1.5-2 წელიწადში კი, მას 5.4 მილიარდი კუბური მეტრი აირის დაგროვების შესაძლებლობა ექნება.
მინისტრის თქმით, ამჟამად „თუზ-გელუ“ სრულად არის შევსებული, „სილივრი“ კი – 82%-ით.
ავტორი - სალომე თორაძე