თურქეთში რუსეთის ყოფილი ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავეს
თურქეთის სპეცსამსახურებმა ქალაქ ანკარაში 2016 წელს მოკლული რუსი დიპლომატის და რუსეთის ფედერაციის ყოფილი ელჩის თურქეთში, ანდრეი კარლოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით Hurriyet ავრცელებს.
მათივე მონაცემებით დაკავებულია ყოფილი პოლიციელის, მევლუთ მერთ ალთინთაშის ნაცნობი. შეგახსენებთ, რომ თავად ალთინთაშიმ კარლოვს ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როდესაც რუსი დიპლომატი ანკარაში, სამხატვრო გამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა. სროლის შედეგად ელჩი სასიკვდილოდ დაიჭრა, ასევე დაშავდა რამდენიმე სხვა პირიც. ალთინთაში შემთხვევის ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.
როგორც გამოცემას წყარომ აცნობა, დაკავებულია ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO-ს მხარდამჭერი, რომლის სახელიც ამ დრომდე არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ ის ქალაქ სტამბოლში დააკავეს. აღნიშნული ორგანიზაცია თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.