უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მივიღეთ გადაწყვეტილება უკრაინაში ირანის ელჩისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევისა და საელჩოს დიპლომატიური პერსონალის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირების შესახებ
23 სექტემბერი, 2022
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში ირანის საქმეთა დროებით რწმუნებულს აცნობა გადაწყვეტილება უკრაინაში ირანის ელჩისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევისა და საელჩოს დიპლომატიური პერსონალის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირების შესახებ.
ამის მიზეზი რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ირანული წარმოების იარაღის გამოყენების ფაქტი გახდა.
"უკრაინის პრეზიდენტის დავალებით - დაუყოვნებლივ ყოფილიყო მიღებული ზომები და რეაგირება მოგვეხდინა რუსეთის ფედერაციის ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ირანული წარმოების იარაღის გამოყენების ფაქტზე, 23 სექტემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული იქნა დაბარებული", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ირანულ მხარეს ეცნობა, რომ ირანის შეიარაღების რუსეთისთვის მიწოდება, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეებისა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ მისი შემდგომი გამოყენების მიზნით, პირდაპირ ეწინააღმდეგება ირანის უმაღლესი ხელისუფლების მიერ საჯაროდ გამოცხადებულ პოზიციას ნეიტრალიტეტის შესახებ, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემასა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.
რუსეთისთვის იარაღის მიწოდება უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად არის არამეგობრული ქმედება, რომელიც სერიოზულ დარტყმას აყენებს უკრაინისა და ირანის ურთიერთობებს", - ამის შესახებ განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამგვარი არამეგობრული მოქმედების საპასუხოდ, უკრაინულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ირანის ელჩს უკრაინაში აკრედიტაცია ჩამოართვას, ხოლო ირანის დიპლომატიური პერსონალის რაოდენობა კიევში მნიშვნელოვნად შეამციროს.
ამჟამად, უკრაინაში ირანის ელჩი მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში იმყოფება, სადაც ის ომის დაწყების შემდეგ გაემგზავრა. აკრედიტაციის გაუქმების შემდეგ, ელჩი მოვალეობას ვერ შეასრულებს და თეირანში უნდა დაბრუნდეს.