უნგრეთი მიიჩნევს, რომ უკრაინის კონფლიქტმა ევროკავშირის კატასტროფული დასუსტება გამოიწვია
2 სექტემბერი, 2022

უკრაინაში შეიარაღებულმა კონფლიქტმა ევროკავშირის კატასტროფული შესუსტება გამოიწვია და მისმა ლიდერებმა ამის თავიდან აცილება ვერ შეძლეს. ამის შესახებ პარასკევს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ბელგრადში "ღია ბალკანეთის" სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტმა, მისმა „ეკონომიკურმა გავლენამ და დამანგრეველმა ენერგეტიკულმა კრიზისმა ევროპისა და ევროკავშირის კატასტროფული შესუსტება გამოიწვია“.
"სიმართლე უნდა ვაღიაროთ, ევროკავშირის ლიდერებმა ვერ შეძლეს ადამიანების დაცვა საომარი მოქმედებების შედეგებისგან", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ აუცილებელია დისკუსიების გამართვა იმის შესახებ, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ამ კონფლიქტის შედეგები ისე, „რომ ის არ გახდეს საბედისწერო კონტინენტისთვის“.
„ყველასთვის აშკარაა, რომ გაფართოების პოლიტიკა დღეს ევროპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რადგან ევროპას სჭირდება დასავლეთ ბალკანეთი“, - განაცხადა მან.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „ასობით მილიონ ადამიანს შიმშილის საფრთხე ემუქრება“. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს მიგრაციული ნაკადების ზრდას. "უნგრეთი თავის საზღვრებთან მიგრანტების აგრესიის ახალ დონეს აწყდება," - განმარტა პიტერ სიიარტომ.