უნგრეთის მთავრობა აბორტის რეგულირების წესებს ამკაცრებს
15 სექტემბერი, 2022

უნგრეთის მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც ექიმი ვალდებულია ქალებს, ვინც მას აბორტის საკითხზე მიმართავს, პირველ რიგში, "ნაყოფის მკვეთრად გამოხატული სასიცოცხლო ნიშნების" შესახებ წარუდგინოს ინფორმაცია. რეგულაცია ძალაში 15 სექტემბრიდან შედის.
ორშაბათს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ "უნგრელების ორ მესამედზე მეტი ბავშვის სიცოცხლის საწყისს მის პირველ გულისცემას უკავშირებს", ხოლო თანამედროვე აპარატურას შეუძლია გულისცემის განსაზღვრა ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე, რაც ფეხმძიმე ქალებისთვის ''უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების საშუალებას იძლევა".
უნგრეთის მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, რომელიც თავს ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დამცველად მიიჩნევს, მრავალშვილიან ოჯახებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებსა და სუბსიდიებს სთავაზობს. ამით მთავრობა ქვეყანაში შობადობის ზრდას უწყობს ხელს. ასევე, უნგრეთის მთავრობამ 2011 წელს კონსტიტუციაში დაადგინა, რომ „ნაყოფის სიცოცხლე დაცული იქნება მისი ჩასახვის მომენტიდან“.