უნგრეთის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
უნგრეთის პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან შაბათს გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.
ნოვაკის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთის პრეზიდენტმა რამდენიმე პირის შეწყალებას მოაწერა ხელი, რომელთა შორის 2023 წლის აპრილში ბავშვთა სახლში განხორციელებული სექსუალური შევიწროების დაფარვაში მსჯავრდებული პირიც იყო. აღნიშნულმა დიდი პროტესტი გამოიწვია. ნოვაკს გადადგომისკენ ოპოზიციურმა პარტიებმაც მოუწოდეს.
გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ ნოვაკმა შეცდომა უწოდა, რომელიც გამოწვეული იყო იმით, რომ მან არასწორად შეაფასა მსჯავრდებულის როლი საქმეში.
„ბოდიშს ვუხდი ყველას: დანაშაულის ყველა მსხვერპლს, ვისაც შეიძლება დარჩა შთაბეჭდილება, რომ მე მათ მხარეს არ ვიყავი. მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები ბავშვების და ოჯახების უფლებების დამცველად. მე შეცდომა დავუშვი. ამიტომ, ბოლოჯერ მოგმართავთ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი“, - განაცხადა ნოვაკმა ვიდეომიმართვაში.
თანამდებობა ასევე დატოვა იუდით ვარგამ, რომელსაც 2023 წელს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა და შეწყალებულთა სიის დამტკიცება და პრეზიდენტისთვის მათი საქმის გარემოებების ახსნა სწორედ მის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა. ვარგამ განაცხადა, რომ იგი იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნოვაკის შეცდომაზე და პოლიტიკიდან მიდის. იუდით ვარგა ბოლო პერიოდში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველი პარტიის Fidesz-ის ევროპულ საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა.
უნგრეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი ნოვაკის უფლებამოსილების ვადის დასრულებიდან 30 დღის ვადაში უნდა აირჩიოს.