erimedia_ravk/H6S6A1tVg.jpeg

"ვცდილობ მეტად არაპროგნოზირებადი გავხდე, მცველები ჩემს სტილს ვერ შეისწავლიან!" - კვარაცხელიას ინტერვიუ DAZN-თან

ამბები
"ვცდილობ მეტად არაპროგნოზირებადი გავხდე, მცველები ჩემს სტილს ვერ შეისწავლიან!" - კვარაცხელიას ინტერვიუ DAZN-თან
ამბები

"ვცდილობ მეტად არაპროგნოზირებადი გავხდე, მცველები ჩემს სტილს ვერ შეისწავლიან!" - კვარაცხელიას ინტერვიუ DAZN-თან

erimedia_ravk/H6S6A1tVg.jpeg
29 დეკ

იტალიურმა გამოცემა DAZN-მა ხვიჩა კვარაცხელიასთან სრული ინტერვიუ გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის შემტევი ბევრ საკითხზე საუბრობს, მათ შორის თავის სათამაშო სტილზე, ნაპოლიში მიზნებსა და საყვარელ ფეხბურთელებზე.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში ნაპოლი 4 იანვარს, სტუმრად მილანის ინტერს დაუპირისპირდება.

სათამაშო სტილი: "ვფიქრობ, ჩემი თამაში არ არის ის, რასაც ვიდეოების ყურებით ისწავლი, ვერც ვარჯიშებიდან. რასაც მეტოქეები ჩემს შესახებ სწავლობენ, ეს მათ არაფერში დაეხმარება. საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ, ყოველთვის ვცდილობ ახალი რაღაცები ვისწავლო, ალტერნატიული გამოსავალი ვიპოვო, რომ უფრო არაპროგნოზირებადი გავხდე".

ინდივიდუალიზმი და ფინტები: "ფინტს სიტუაციის მიხედვით ვაკეთებ. საყვარელი ფინტი არ მაქვს, ყველაფერი კონკრეტულ მომენტზეა დამოკიდებული. მეტოქისთვის ფეხებს შორის ბურთის გატარებას რაც შეეხება, ეს ის არ არის, რასაც ვარჯიშებზე ისწავლი. მას ვიყენებ მაშინ, როდესაც ვატყობ, რომ ის მეტოქისთვის გვერდის ასავლელად გამომადგება. ვიმეორებ, ამ დროს ყველაფერი კონრეტულ ეპიზოდზეა დამოკიდებული, თუმცა ამ ფინტის დახვეწაზე მართლა არასდროს მივარჯიშია".

თბილისის "დინამოს" აკადემიის როლი: "ჩვენთან მუშაობდნენ ესპანელი მწვრთნელები, რომლებისგანაც ძალიან ბევრი ახალი რამ ვისწავლეთ - როგორც ტექნიკური, ისე ტაქტიკური და სამოტივაციო თვალსაზრისით. მათ ჩვენთვის ძალიან ბევრი გააკეთეს და ამისთვის მადლობელი ვარ".

მოლაპარაკებები "ნაპოლისთან": "დიდი ხანი გაგრძელდა, დაახლოებით 2 წელი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ამხელა გუნდი ჩემით დაინტერესდა და ერთი სული მქონდა, ნაპოლის მაისური ჩამეცვა. როცა ნაპოლის თამაშებს ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ კარგად შემეძლო ამ გუნდის წევრობა, ძალიან მომწონდა მათი თამაშის სტილი".

მეტსახელი: "მას შემდეგ, რაც ნაპოლიში ვარ, ბევრი მეტსახელი შემარქვეს, მაგრამ ცხადია, ჩემი ფავორიტი "კვარადონაა". მარადონას სახელის მცირე ნაწილსაც რომ შენ გიკავშირებენ, შეუძლებელია, განსხვავებული ემოცია არ განიცადო. ნეაპოლიც ფანტასტიკური ქალაქია თავისი სილამაზით და ნეაპოლელებიც განსაკუთრებული ხალხია. ჩემთვის ეს ქალაქი სიყვარულია".

მწვრთნელი და თანაგუნდელები: "სპალეტის ყველა ფეხბურთელთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, ის ძალიან გახსნილი პიროვნებაა და ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანია. თანაგუნდელებიდან ვერცერთს გამოვარჩევ, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თითქოს ერთი ოჯახი ვართ. როდესაც ზაფხულში კლუბში მოვედი, ყველა ძალიან თბილად შემხვდა, რასაც არ ველოდი და ძალიან მადლიერი ვარ ამისთვის".

შეხვედრა "ლივერპულთან": "როდესაც იცი, რომ ჩემპიონთა ლიგაში შენი დებიუტი ლივერპულის წინააღმდეგ შედგება, ეს უდიდეს პასუხისმგებლობასაც გაკისრებს და მოტივაციასაც გმატებს, რადგან ისტორიულ სტადიონზე დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ უნდა ითამაშო. მაგრამ როდესაც მოედანზე ვარ, ბოლომდე ვიხარჯები და მაქსიმუმს ვაკეთებ, მიუხედავად მეტოქეების სახელებისა და კარიერისა. ასეთი ცნობილი და ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, რა თქმა უნდა, დიდი პატივია, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ნებისმიერს შეგვიძლია ტოლ-სწორად ვეთამაშოთ".

უხერხული მეტოქე: "ერთის გამორჩევა გამოჭირდება, მაგრამ ყოველთვის ძალიან ძნელია დი ლორენცოსთან (ნაპოლის კაპიტანი) ვარჯიშებზე მეტოქეობა. ის მართლა ძალიან მაგარი და ძლიერი მცველია".

იტალიელი გულშემატკივარი: "ვერ ვიტყვი, ველოდი თუ არა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და როდესაც ყველაფერი კარგადაა, უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ყველაფერს ვაკეთებ გუნდისთვის, დანარჩენს კი გულშემატკივრები აფასებენ. მათი ძალიან მადლიერი ვარ ჩემს მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. ზოგადად, მორცხვი არ ვარ, თუმცა ყურადღების ცენტრში ყოფნა დიდად არ მხიბლავს".

სწრაფი პროგრესი: "ჯერ კიდევ ძალიან შორს იმისგან, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გავხდე. თუმცა ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ზრდა გავაგრძელო. ძნელია ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, ასეთ დიდ კლუბში თამაშზე იოცნებო. მე ვთამაშობ ნაპოლიში, მაგრამ წინ ძალიან დიდი გზა მაქვს გასავლელი მიზნების მისაღწევად".

სკუდეტო: "წინ ჯერ კიდევ ბევრი დრო გვაქვს და ბევრი მატჩი უნდა ვითამაშოთ. ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მიზანს მივაღწიოთ. მჯერა, რომ სკუდეტოს მოპოვება შეგვიძლია. მოედანზე ამ რწმენით გავდივართ, შემდეგში კი დრო გვაჩვენებს, რა მოხდება".

საქართველო და ნაპოლი: "დავიწყებ იმით, რომ საქართველოში ყველას უყვარს ფეხბურთი. იქ თითოეულ ფეხბურთელსა თუ სპორტსმენს უდიდეს პატივს სცემენ. გეტყვით იმასაც, რომ მას შემდეგ, რაც სათამაშოდ ნეაპოლში გადავედი, უამრავი ქართველი გახდა ნაპოლის გულშემატკივარი. სიმართლეა ისიც, რომ როდესაც ნაპოლი თამაშობს, მატჩს მთელი თბილისი უყურებს. საქართველო ჩემი სამშობლოა და მინდა ყველამ იცოდეს, რომ აქ არაჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ".

კუმირი: "მამაჩემი ფეხბურთელი იყო და მისგან მაქვს ფეხბურთის სიყვარული, თუმცა ვთამაშობდი იმიტომ, რომ მომწონდა - მთელი დღე ეზოში მეგობრებთან ერთად ვაგორებდი ბურთს. ბავშვობაში ჩემი საყვარელი ფეხბურთელი გუტი იყო. ყოველთვის ვაკვირდებოდი და მომწონდა მისი სათამაშო სტილი. როდესაც მან კარიერა დაასრულა, ჩემი ფავორიტი რონალდო გახდა. კრიშტიანოს ბავშვობიდან ვქომაგობ, ასეა დღესაც და მისი გულშემატკივარი იქამდე ვიქნები, სანამ ფეხბურთში იქნება".

მესი თუ რონალდო: "სინამდვილეში, 77 ნომერს არ აქვს პირდაპირი კავშირი, მაგრამ 7-იანი ჩემი საყვარელი ციფრია, რომლითაც რონალდო გამოდის და სწორედ ამიტომ ავირჩიე N77. რაც შეეხება მესისა და რონალდოს შედარებას, ერთ-ერთის ამორჩევა რთულია, თუმცა მე რონალდოს ძალიან ვაფასებ. ის ჩემი კუმირია იმის გამო, რომ თუნდაც ამდენი ხნის განმავლობაში მეტოქეობას უწევს და ერთ დონეზეა მესისთან. რა თქმა უნდა, მესი ფანტასტიკური მოთამაშეა და მისი თამაშის ყურება ყოველთვის სასიამოვნოა".

უმცროს ძმა: "ისიც ჩემი ამპლუის ფეხბურთელია - თამაშობს ფლანგებსა და თავდასხმაში. ჩემზე მაგარია, მაგრამ მან ეს ჯერ უნდა დაამტკიცოს. წინ ბევრი სამუშაო და სასწავლი აქვს, მაგრამ მას აქვს ყველა თვისება, რათა ჩემზე უკეთესი გახდეს და დიდი იმედი მაქვს, ამას შეძლებს". გოლის აღნიშვნა: "არ ვიცი, მომავალში კიდევ ავღნიშნავ თუ არა გოლებს მის სტილში. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განწყობაზე ვიქნები".

უცხო ენა და საყვარელი კერძი: "ნელ-ნელა ვეუფლები, რაღაც-რაღაცები უკვე ვისწავლე. საყვარელი ფრაზაა: Forza Napoli! (იტალიურად: წინ, ნაპოლი). საყვარელი კერძი პასტა ტომატის სოუსით".

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო