ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი კომპანიის Abu Dhabi Ports დელეგაციას შეხვდა
30 აგვისტო, 2022
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია "Abu Dhabi Ports" (AD Ports Group) საერთაშორისო ბიზნესის მიმართულების დირექტორს სამირ ჩატურვედის და მის თანხმლებ პირებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიეროებს შორის ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გარღმავებაზე წარიმართა. განსაკუთრებული ყურადღება საზღვაო ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში თანამშრომლობის განვითარებაზე და ამ დარგებში ინვესტირების განხორციელების შესაძლებლობებზე გამახვილდა.
„სტუმრებმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის, ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამების, მიმდინარე და დაგეგმილი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალი, სამომავლო ხედვა და გეგმები განიხილეს, რასთან დაკავშირებითაც სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების, სატრანსპორტო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით არსებული ტრენდებისა და შესაძლებლობების თაობაზე პრეზენტაცია წარედგინათ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კომპანია „Abu Dhabi Ports"-ის დელეგაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სტუმრობისას ქვეყნის სანავსადგურე სექტორში მიმდინარე პროცესები გაეცნო. საზღვაო კლასტერის, ასევე, საზღვაო განათლების ხელშეწყობისა და ტრენინგ-ცენტრების განვითარების მიმართულებით მხარეებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები გამოიკვეთა.
შეხვედრაში ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გურამ გურამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი, საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.