ვლადიმერ პუტინი - დსთ-ს ქვეყნებმა მუდმივად უნდა გააძლიერონ ურთიერთმხარდაჭერა, მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია, დავიცვათ ჩვენი ინტერესები მსოფლიო ასპარეზზე
29 სექტემბერი, 2022
არსებულ და პოტენციურ გამოწვევებს მყარი ბარიერი რომ დავუყენოთ, დსთ-ს ქვეყნებმა მუდმივად უნდა გააძლიერონ ურთიერთმხარდაჭერა, – მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დსთ-ს ქვეყნების უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, დასავლეთი ცდილობს დიქტატის პოლიტიკა გაატაროს და დსთ-ს ქვეყნების ტერიტორიებზე კონფლიქტების პროვოცირებას ცდილობს.
„ჩვენი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც საკუთარ მიზნებს მისდევენ, მზად არიან, დარტყმა მიაყენონ ყველას, ნებისმიერს, ნებისმიერ ქვეყანას, გადააქციონ ის კრიზისის ეპიცენტრად, მოაწყონ ფერადი რევოლუცია და გააჩაღონ სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა. ეს ყველაფერი არაერთხელ გვინახავს“, – განაცხადა პუტინმა.
მან დსთ-ს ქვეყნებს თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა.
„იმისთვის, რომ არსებულ და პოტენციურ გამოწვევებს რეალურად მყარი ბარიერი დავუყენოთ, დსთ-ს ქვეყნებმა მკაფიოდ და თანმიმდევრულად უნდა იმოქმედონ, მუდმივად გააძლიერონ ურთიერთმხარდაჭერა. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ინტერესები მსოფლიო ასპარეზზე და მოვიგერიოთ არაკეთილისმოსურნეები“, - განაცხადა პუტინმა.