ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს, ედუარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა
26 სექტემბერი, 2022

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს, ედუარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მისცა. შესაბამისი დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.
"რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 89-ე მუხლის "ა" პუნქტის შესაბამისად, ვადგენ: მიენიჭოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა შემდეგ პირებს: ედუარდ ჯოზეფ სნოუდენი, დაბადებული 1983 წლის 21 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში", - ნათქვამია დადგენილებაში.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ედუარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მისივე თხოვნით მიენიჭა.
ქმრის მსგავსად, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადის წარდგენას სნოუდენის მეუღლეც გეგმავს. ამის შესახებ ადვოკატმა ანატოლი კუჩერენამ განაცხადა. მან ასევე განმარტა, რომ სნოუდენს ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში არ გამოიძახებენ, რადგან ის რუსეთის ჯარში არ მსახურობდა.
2013 წლის ივნისში, სნოუდენმა დიდი საერთაშორისო სკანდალი წამოიწყო, როდესაც Washington Post-სა და Guardian-ს აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მხრიდან ადამიანებზე თვალთვალის სისტემის შესახებ ზოგიერთი საიდუმლო მასალა მიაწოდა. ამის შემდეგ ის ჯერ ჰონგ-კონგში, შემდეგ კი - მოსკოვში გაფრინდა. 2014 წლიდან კი სნოუდენს რუსეთმა ბინადრობის უფლება მიანიჭა.
