ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოში არავინ იმდენ ინვესტიციას არ დებს ტერორიზმში, როგორც რუსეთი
29 ივლისი, 2022
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვა გაავრცელა, სადაც განვლილი დღე შეაჯამა. ზელენსკის თქმით, ბოლო 24 საათში კიევში განგაშის სიგნალი ოთხჯერ ჩაირთო. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მსოფლიოში არავინ დებს ტერორიზმში იმხელა ინვესტიციას, რამდენსაც რუსეთი.
„დღის მხოლოდ პირველ ნახევარში, მხოლოდ კიევში განგაშის სიგნალი ოთხჯერ ჩაირთო. რუსეთის არმიამ კიევის რეგიონზე სარაკეტო იერიშები განახორციელა. გრძელდება იერიშები ნიკოლაევზე, დონბასზე. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ სენატორებს, რომლებმაც ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, აღიაროს რუსეთი, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო. შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი დღე უკრაინაში, დღევანდელი დღე ან ნებისმიერი სხვა დღე, 24 თებერვლის შემდეგ და ნახოთ, რომ მსოფლიოში არავინ იმდენ ინვესტიციას არ დებს ტერორიზმში, როგორც რუსეთი. ამას ნამდვილად სჭირდება გლობალური სამართლებრივი პასუხი. არ არსებობს რაციონალური მიზეზი, რომ ასეთი რეაქცია არ არსებობდეს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინაში ვიზიტით მყოფ ლიეტუვას პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას გაწეული სამხედრო დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა „ბალენსიაგას“ კრეატიულ დირექტორ დემნა გვასალიაზეც ისაუბრა. ზელენსკის თქმით, გახარებულია იმ ფაქტით, რომ უკრაინის აღდგენის მიმართულებით შექმნილი პლატფორმის ელჩი დემნა გვასალია გახდა.
„მან მითხრა, რომ United24 ის ელჩობა მის პირად ისტორიასთანაა დაკავშირებული, რადგან მან დევნილობის ტრავმა გადაიტანა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, „ბალენსიაგას“ უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი სვიტერების გაყიდვიდან შესული თანხა სრულად „უკრაინის აღდგენას“ მოხმარდება.
ავტორი - თამთა რუხაძე