erimedia_ravk/cOSHEXmIg.jpeg

ვოლსკი: საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა აიცილოს სისხლიანი კონფლიქტი

ამბები
ვოლსკი: საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა აიცილოს სისხლიანი კონფლიქტი
ამბები

ვოლსკი: საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა აიცილოს სისხლიანი კონფლიქტი

erimedia_ravk/cOSHEXmIg.jpeg
20 სექ

საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებმა არ უნდა დაუშვან დანაშაულებრივი შეთქმულება, რომელიც დაძაბულობას სამოქალაქო და სისხლიან დაპირისპირებად გადააქცევს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, იგეგმება დესტაბილიზაცია და არეულობები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით. აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.

„დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაზე დიდი ხანია საუბარი მიდის და ეს ჩვენ თვალწინ ხდება, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა იზრუნონ, რომ არ დაუშვან ის კონსპირაცია, რაც ქვეყანას შეარყევს და დაძაბულობას გადაიყვანს სამოქალაქო, სისხლიანი დაპირისპირების ფორმატში. ჩვენ ასევე არ უნდა დავუშვათ, რომ სახელმწიფოს ძალის გამოყენება დასჭირდეს", - განაცხადა ვოლსკიმ.

თუ ასეთი კონსპირაცია არსებობს, საჭიროა უფრო აქტიური და მკაცრი მოქმედებები, აღნიშნა პოლიტიკოსმა.

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, არეულობის ორგანიზატორები გეგმავენ ე.წ. „კარვების ქალაქის" მოწყობას და ერთ-ერთ კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსებას, რომლის აფეთქების შედეგადაც დაიღუპება როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა ისე სამართალდამცველები.

ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული წარმოშობის სამხედროების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობენ, და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, გამოყენებული იქნებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის.

უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.

გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში არიან ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.

დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი", განაცხადეს სუსში. მათი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებისა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.

აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. „კარვების ქალაქის" მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებზე და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს.

დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის" მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ე.წ. „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს.

ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.

სუსში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქვეყანაში პროვოკაციები იგეგმება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო