ხანძრის კერები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არ ვრცელდება
28 აგვისტო, 2022

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტის, დემურ ლაცაბიძის განცხადებით, ცეცხლის კერები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არ ვრცელდება.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს 135 რეინჯერი, სხვა უწყებებთან ერთად, აქტიურადაა ჩართული ცეცხლის ქრობის პროცესში. ცეცხლის კერები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არ ვრცელდება“, - აცხადებს დემურ ლაცაბიძე.
ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.