ხაზარაძე: ეს თუ მოხდა "ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავ
„ნაციონალურ მოძრაობას“ თუ დაუბრუნდება ისეთი რეაქციული ძალები, როგორიც მაგალითად, ვანო მერაბიშვილია, „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მათთან თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივას ვერ ხედავს.
როგორც მამუკა ხაზარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, პროცესს აკვირდება.
„პირველ რიგში, სხვა პარტიის შიდა საქმეები, მათი შიდა საქმეებია, ეს იქნება არჩევნები თუ ა.შ. თუმცა ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს, როგორც ყველა სხვა პარტია თუ მოქალაქე, რადგან მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ჩვენ თუ დავინახავთ, რომ ამ პარტიას უბრუნდება ისეთი რეაქციული ძალები, როგორიცაა მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და ა.შ. მე და ჩვენი პარტია ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავთ მათთან არც თანამშრომლობის ან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
აღსანიშნავია, რომ ვანო მერაბიშვილმა ორი დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა: „23 ნოემბერი, 2003 წელი. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“.