ხელოვნების სასახლეში მხატვარ ნოდარ ბადურაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
29 სექტემბერი, 2022

ხელოვნების სასახლეში მხატვარ ნოდარ ბადურაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. „ჟამი ბროწეულისა“ – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც მხატვრის 70 წლის იუბილეს ეძღვნება. გამოფენაზე ბადურაშვილის მიერ 1996 წლიდან დღემდე შესრულებული ნამუშევრებია გამოფენილი.
ნოდარ ბადურაშვილის ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა დამთვალიერებლებს რამდენიმე დღის განმავლობაში, ხელოვნების სასახლეში ექნებათ.
„ეს გამოფენა ჩემს 70 წლის იუბილეს მიეძღვნა, რომელიც ხელოვნების სასახლეში 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ჟანრი არის თავისუფალი. თავისუფლება, თავისუფალი ხედვა, შრომა და მრავალფეროვნება – ეს არის ჟანრი. საერთოდ ჩემს თავს არიერგარდის ვუწოდებ“, – განაცხადა ნოდარ ბადურაშვილმა.
საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორის, გიორგი კალანდიას თქმით, საქართველოს ხელოვნების სასახლეში „ლევკასის“ მეთოდით და ტექნიკით შექმნილი ნახატები პირველად გამოიფინა.
„ვულოცავ მხატვარ ნოდარ ბადურაშვილს, რომელმაც დამთვალიერებლის წინაშე ძალიან საინტერესო სამყარო წარმოადგინა. ის ტექნიკა, რომელიც მხატვრობისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო, ძალიან საინტერესოა და საშუალება გექნებათ დაათვალიეროთ და სიამოვნება მიიღოთ“, – აღნიშნა საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდიამ.