ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიებში, ხორცის სარეალიზაციო ობიექტებსა და სასაკლაოებში 9 თვეში 530 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა
20 სექტემბერი 2022
მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიებში, ხორცის სარეალიზაციო ობიექტებსა და სასაკლაოებში სულ 530 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოავლინა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, მიმდინარე წლის 14 სექტემბრის მონაცემებით, ხორცპროდუქტების მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან განხორციელდა 281 სახელმწიფო კონტროლი, ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში - 2234, ხოლო სასაკლაოებში - 617.
„გამოვლინდა 530 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, კერძოდ: ეტიკეტირების წესის, ჰიგიენური ნორმების, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, ვადაგასული და ფორმა 2-ის გარეშე ხორცის რეალიზაცია“,-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში.