ძიუდო: ბაქოში ლიდერებთან ერთად - ლაშა გუჯეჯიანის რჩეულთა სია ცნობილია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 4-6 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაგეგმილ გრანდ სლემზე 9 სპორტსმენით წარსდგება. ბაქოში ტატამიზე არ გამოვლენ ქართველი ქალ ძიუდოისტები.
სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, საქართველოს წარმომადგენელი არ ეყოლება ყველაზე მსუბუქ 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, სამაგიეროდ, ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილი გუნდი სამ წონაში 2-2 სპორტსმენით გამოვა (66, 81 და +100 კგ(.
მძიმე წონაში ქვეყნის ღირსებას იუნიორებში მსოფლიოს ჩემპიონი საბა ინანეიშვილი დაიცავს, რომელიც ძიუდოს ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდება.
მომავალ ტურნირზე ეროვნული გუნდის ლიდერებიდან ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ლუკა მაისურაძე და გურამ თუშიშვილი გამოვლენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი თუთაშვილი (ორივე – 66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი შერაზადიშვილი (ორივე – 81კგ), ლუკა მაისურაძე (90კგ), ილია სულამანიძე (100კგ), გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +100კგ).
აღსანიშნავია, რომ ბაქომ გრანდ სლემს გასულ წელსაც უმასპინძლა, ქართველმა ძიუდოისტებმა კი 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი აიღეს. გრანდ სლემის ჩემპიონი ჯაბა პაპინაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე და ონისე სანებლიძე დაეუფლნენ.