რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის („ფსბ“) განცხადებით დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია
22 აგვისტო, 2022
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, პოლიტოლოგისა და ფილოსოფოსის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის - დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია. ამის შესახებ სტატიას BBC-ის რუსული სამსახური აქვეყნებს. „ფსბ“-ს მიაჩნია, რომ მასში უკრაინის სპეცსამსახურები არიან ჩართულნი. კიევი ამას უარყოფს. მკვლელობიდან ორი დღე გავიდა.
უშიშროების ფედერალური სამსახური მკვლელობაში ეჭვმიტანილად უკრაინის მოქალაქეს, 1979 წელს დაბადებულ ნატალია პავლოვნა ვოვკს მიიჩნევს, რომელიც რუსეთში 23 ივლისს, 12 წლის ქალიშვილთან ერთად ჩავიდა.
სპეცსამსახურების განცხადებით, მოსკოვში მათ თითქოს იმავე სახლში დაიქირავეს ბინა, სადაც დარია დუგინა ცხოვრობდა, ამ უკანასკნელის მკვლელობის დღეს კი ფესტივალ „ტრადიციაზე“ იმყოფებოდნენ.
„ფსბ“-ს ვერსიით, ნატალია ვოვკმა, რომელიც დუგინას მანქანას უკან ავტომანქანა Mini Cooper-ით მიჰყვებოდა, რომელზეც ნომრები სამჯერ არის შეცვლილი, აფეთქება მართულად განახორციელა, შემდეგ კი ქალიშვილთან ერთად ფსკოვის გავლით ესტონეთში გაემგზავრა.
მალევე მას შემდეგ, რაც „ფსბ“-მ მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა, მომხდარის შესახებ კომენტარი თავად ალექსანდრე დუგინმაც გააკეთა. მისი მიმართვა ტელეკომპანია „ცარგრადის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა კონსტანტინე მალოფეევმა "ტელეგრამ" არხის საშუალებით გამოაქვეყნა.
ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი ავტომანქანის აფეთქების შედეგად 20 აგვისტოს საღამოს დაიღუპა. მამასთან ერთად ის ფესტივალ „ტრადიციაზე“ იმყოფებოდა.