წმინდა გრაალი და ჯვაროსნული ომი

ბლოგები
წმინდა გრაალი და ჯვაროსნული ომი
ბლოგები

წმინდა გრაალი და ჯვაროსნული ომი

ზაზა შათირიშვილი

erimedia_ravk/mlDqp09nR.jpeg

25 მაისი, 2022

რამდენიმე წლის წინ, როცა ბარაქ ობამა ჯერ კიდევ ამერიკის პრეზიდენტი იყო, მას მიუთითეს, რომ ერაყსა და სირიაში ე.წ. „დაეში“ (“ისლამურ სახელმწიფო“), რომელიც ბევრ ქვეყანაში მიიჩნევა, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, ძირძველ აღმოსავლელ ქრისტიანებს ხოცავს. ამასთან დაკავშირებით ობამამ თქვა ისტორიული ფრაზა, - „არა უშავს, თავის დროს ჯვაროსნებიც ასევე ხოცავდნენ მუსლიმებსო“.

გარკვეული აზრით, ობამა მართალია - არსებობს ისტორიის დიდი დრო, „სადაც არც ერთი საზრისი არ კვდება“, - ეს უკვე გენიალური მიხაილ ბახტინის (1895 – 1975) ფრაზაა.

როდესაც ამ ოცი წლის წინ გერმანიის სამხრეთში აღმოვჩნდი, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის, როგორც გერმანოფილისთვის, აღმოჩნდა შემდეგი რამ - ლამის უგამონაკლისოდ, თითოეული სოფლის სასაფლაოს ცენტრში დასაფლავებულები იყვნენ ჯვაროსნები. ეს, ცხადია, სრულიადაც არ გახლავთ ლოკალური გერმანული მოვლენა - ესაა საზოგადო ქრისტიანული ევროპული მემკვიდრეობა.

არსებობს წმინდა გრაალის შესახებ ნარატივი, რომელიც ჩვენთვის - ბერძნულ-ბიზანტიური კულტურის მემკვიდრეებისათვის (როგორც

მართლმადიდებლების, ისე კათოლიკეებისთვის) - უცხო და შორეულია. ჩვენ ეს ნარატივი ძალიან გვიან გავიგეთ - კერძოდ, როცა წავიკითხეთ კრეტიენ დე ტრუა, ვოლფრამ ფონ ეშენბახი, ტომას მელორი, ალფრედ ტენისონი და ა.შ.

რა არის წმინდა გრაალი? - ესაა ის თასი, რომლიდანაც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ ბოლო სასმელი შესვა მოწაფეებთან ერთად და დაამკვიდრა ევქარისტიული ლიტურგია. მაგრამ რატომ მოხდა ისე, რომ დასავლური გადმოცემების თანახმად, იოსებ არიმათიელმა - ქრისტეს სიდუმლო მიწაფემ და სინედრიონის წევრმა - ეს წმინდა სასმისი ბრიტანეთში წაიღო, საიდანაც დაიბადა მთელი კელტურ-იბერიული ეპოსი წმინდა გრაალისა და მეფე არტურის შესახებ? ცხადია, ამ შეკითხვაზე ერთადერთი და საბოლოო პასუხი არ არსებობს და ის არც არასდროს გაიცემა.

მაგრამ ყოველთვის არსებობს „ბორხესული“ ცდუნება, რომ გავცეთ პასუხი ამ შეკითხვას - იქნებ ჯვაროსნული ომები სხვა არაფერია, თუ არა წმინდა გრაალის ძიების „რეალიზებული“ (პოლიტიკურ-სოციოლოგიური) ანალოგი?

საქმე ისაა, რომ ჩვენ აღმოსავლეთ საქრისტიანოში - მართლმადიდებლები თუ კათოლიკეები - სხვა სინამდვილეში ვარსებობთ: ჩვენი რეალობა - ესაა ლიტურგიული და სამონასტრო სულიერება, ჩვენ ვიცით სულიერების ერთადერთი ფორმა - წმინდა სამონასტრო ჭვრეტითი სულიერება.

მაშ, რა არის წმინდა გრაალი? - იქნებ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სტივენ სპილბერგის ბლოკბასტერი - „ინდიანა ჯონსის ბოლო ჯვაროსნული პილიგრიმობა“ (1989 წ.), სადაც ჯვაროსნული ომი და წმინდა გრაალი ერთმანეთს სიუჟეტურად უკავშირდება უშუალოდ შინდლერიის სიის წინ?

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო