საკრალური სფერო და სიწმინდეები
ზაზა შათირიშვილი
4 ივნისი, 2022
საკრალურის ფენომენი, წესისამებრ, რელიგიის სფეროს მიკუთვნება. თუმცა, დღეს ეს ბოლომდე ცხადი და მკაფიო უკვე აღარ არის. საუბრობენ ხოლმე არარელიგიურ საკრალურობაზეც. მაგალითად, ე.წ. „თანამედროვე ლიბერალისათვის“ ადამიანის უფლებები, „ლგბტ“-იდენტობები თუ ჰარვი მილქის იერ-ხატი (აშშ-ს პირველი ღიად ჰომოსექსუალი კონგრესმენი), ნამდვილად, საკრალური სფეროს ნაწილია, რის გამოც ამ ყოველივეს კრიტიკა თუ (კიდევ უარესი!) დაცინვა ტაბუირებულია - აქ სიტყვის თავისუფლების პრინციპი აღარ მოქმედებს, ნებისმიერი გამონათქვამი ლიბერალური სიწმინდეების შესახებ, თუ ის ლიბერალურ დოგმატურ მეტყველებას არ ემთხვევა - ერეტიკულია - სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასეთი გამონათქვამი „სიძულვილის ენის“ რუბრიკით კვალიფიცირდება და ვინც პოლიტიკურად კორექტული არ არის, ის საზოგადოებრივი ოსტრაკიზმის მსხვერპლი, ან სულაც, მსჯავრდებულიც კი ხდება.
რას ნიშნავს ეს ყოველივე? უპირველეს ყოვლისა, ცხადია იმას, რომ თანამედროვე ლიბერალიზმსაც აქვს თავისი საკრალური სფერო, საკუთარი დოგმატები და, რაც მთავარია, გაგება იმისა, თუ რა არის ჭეშმარიტი და რა - მცდარი, ანუ ის, რასაც შეიძლება ერესი და ერეტიკული ვუწოდოთ. აქედან ისიც გამომდინარეობს, რომ თანამედროვე ლიბერალიზმი სინამდვილეში რელიგიის ნაირსახეობაა.
რელიგიები დროდადრო ერთმანეთს ეჯახებიან და ებრძვიან. ამ აზრით, ნებისმიერი სერიოზული პოლიტიკური კონფლიქტის უკან, სიღრმისეულად რელიგიური მოტივი იმალება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მარქსის საწინააღმდეგოდ, ეკონომიკა ზედნაშენია, ხოლო რელიგია - ბაზისი.
ავიღოთ მიმდინარე უკრაინული ომი. ცხადია, ესაა - ომი არა იმდენად რუსეთსა და დასავლეთს, რამდენადაც გნოსტიციზმსა და წარმართობას შორის. საქმე ისაა, რომ დასავლეთში (ფართო გაგებით) დღეს სამი დომინანტური რელიგიაა: პირველი ესაა - ტრადიციული ქრისტიანობა, მეორე რელიგია - ესაა ე.წ. „თანამედროვე ლიბერალიზმი“, რომელსაც უპრიანი იქნება თუ გნოსტიციზმს ვუწოდებთ. გნოსტიციზმის ამოსავალი დებულებაა, რომ სამყარო არასრულყოფილია და ამიტომ ის უნდა გარდაიქმნას - თავად ადამიანმა უნდა შექმნას ახალი რეალობა - ახალი გენდერული იდენტობები, ახალი სოციალობა და თავადვე გააკონტროლოს შობადობა, ოჯახი და გარდაცვალება - აბორტების, „საოჯახო მარკეტინგისა“ და ევთანაზიის მეშვეობით.
რაც შეეხება წარმართობას, რომელიც მესამე დომინანტური რელიგიაა - ის ხელმძღვანელობს „საკრალური მიწის“ პრინციპით, როცა, მაგალითისათვის, ყირიმი ის საკრალური ტერიტორიაა, სადანაც დაიწყო იმპერია და ამიტომაც, ის იმპერიასვე უნდა დაუბრუნდეს.
ამ დაპირისპირებასა და ბრძოლაში უკრაინა - სხვა არაფერია, თუ არა ამ ორი რელიგიის - გნოსტიციზმისა და წარმართობის შეჯახების პოლიგონი. თავად უკრაინაშიც ეს ორი პრინციპი ებრძვის ერთმანეთს: ერთი მხრივ, ბანდერასა და შუხევიჩის ძეგლებს დგამენ, რომლებიც ნაციონალური გმირები არიან და ნაციონალურ საკრალურს მიეკუთვნებიან, ხოლო მეორე მხრივ, კიევში ლგბტ-აღლუმი ტარდება, რომელსაც იგივე ნაციონალისტები მძაფრად უპირისპირდებიან.
დაბოლოს, უნდა ვაღიაროთ, რომ არ არსებობს ნეიტრალური უფლებები და ობიექტური ღირებულებები - არსებობენ განსხვავებული რელიგიები, რომელთაგანაც ზოგიერთს გნოსტიკური ელფერი აქვს და ადამიანის კულტს გულისხმობს, ხოლო სხვა - წარმართული ტიპისაა და „საკრალური მიწის“ გაგებას ეფუძნება.
სად არის ქრისტიანობის ადგილი? ქრისტიანობის რეპრეზენტატორი არც ნაციონალური გმირია და, ცხადია, არც ის, ვინც ადამიანის ეგო-ს, მის უფლებებს ეთაყვანება. ქრისტიანობას წარმოადგენს წმინდანი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს წირავს ქრისტესთვის და მოყვასისათვის.