ომი, როგორც პერსპექტივა

ბლოგები
ომი, როგორც პერსპექტივა
ბლოგები

ომი, როგორც პერსპექტივა

ზაზა შათირიშვილი

18 ივნისი, 2022

erimedia_ravk/3UcdBCj7R.jpeg

როცა ახალგაზრდა ვიყავი, იმდროინდელ სპორტულ დისკურსში არსებობდა ფართოდ გავრცელებული იდიომა - „პერსპექტიული ფეხბურთელი“, „პერსპექტიული კალათბურთელი“, საზოგადოდ - „პერსპექტიული სპორტსმენი“.

გამოხდა ხანი, სპორტი პოლიტიკამ ჩაანაცვლა, ხოლო რიგითი სპორტსმენი - ცალკე აღებულმა ამა თუ იმ ქვეყანამ.

მაგალითად, ამა და ამ ქვეყანას დღეს აქვს პერსპექტივა, რომ გაწევრიანდება, ვთქვათ, ნატოსა თუ ევროკავშირში.

უფრო მეტიც, - არსებობს გარკვეული ხარისხებიც: მაგალითად, - კანდიდატი ქვეყანა, დაახლოებით ისე - როგორც წინათ არსებობდა ტერმინები - ამა თუ იმ მეცნიერების კანდიდატი, ან სულაც - სპორტის ოსტატობის კანდიდატი.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, კანდიდატს უჩნდება პერსპექტივა. მაგრამ ეს ყველაფერი როდი გახლავთ - არსებობს კანდიდატობის პერსპექტივაც - კერძოდ, ამა თუ იმ ქვეყანას უჩნდება, ერთი მხრივ, კანდიდატობის პერსპექტივა ისევე, როგორც კანდიდატობაც, თავის მხრივ, რაღაცის წევრობის პერსპექტივაა.

კი, მაგრამ, რა შემთხვევაში ჩნდება ეს პერსპექტივა? როგორც ემანუელ მაკრონმა ბრძანა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა კანდიდატობის ბევრ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილდებდა, რადგანაც ქვეყანაში ომია, - კანდიდატობა მივანიჭეთო.

ასე რომ, როგორც ვხედავთ, ომი - ესაა სრულიად გარკვეული პერსპექტივა. როგორც ჩემმა ერთმა მეგობარმა მწარედ იხუმრა, როცა მთელი ერი დავიღუპებით, საფლავზე გვირგვინს დაგვადებენ ასეთი წარწერით - „აქ განისვენებს ევროკავშირის წევრობის პერსპექტიული კანდიდატიო...“

მაგრამ, გარდა ამ საბოლოო პერსპექტივისა, რომელიც, აქვე შევნიშნავთ, არავის აცდება, არსებობს კიდევ სხვა პერსპექტივებიც.

მაგალითად, იგივე ომი - ერთი ქვეყნისთვის საკუთარი გათხევადებული გაზის კარგად გასაღების პერსპექტივაა, მეორე ქვეყნისთვის - ახალი მსუყე ტერიტორიების შემომტკიცების პერსპექტივა, ხოლო მესამისთვის - სუპერ-სახელმწიფოდ ჩამოყალიბების სერიოზული პერსპექტივა... თუმცა, აქვე დავძენთ, რომ კიდევ სხვაგვარი პერსპექტივაც არსებობს - მსოფლიო რუკიდან გაქრობის საკმაოდ ხელშესახები პერსპექტივა...

ასე რომ, როგორც ვხედავთ, ომი, საზოგადოდ, ყოველ დროსა თუ ეპოქაში პერსპექტიული და სარფიანი, მომგებიანი (და - შესაბამისად წამგებიანი) საქმეა...

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო