ევროპისაკენ: შინ თუ წინ?
ზაზა შათირიშვილი
22 ივნისი, 2022
როდესაც ქართლი გაქრისტიანდა, თანამედროვე ევროპის გეოგრაფიულ ადგილას ჯერ კიდევ რომის იმპერია იყო გადაჭიმული, კერძოდ - მისი დასავლეთი ნაწილი, ხოლო აღმოსავლეთს - რომელსაც XVIII საუკუნედან მოყოლებული ბიზანტია დავარქვით (თავად „ბიზანტიელები“ საკუთარ თავს რომაელებს უწოდებდნენ) - წინ ისტორიული არსებობის 10 საუკუნეზე მეტი ჰქონდა დარჩენილი.
ის, რასაც დღეს ევროპულ ცივილიზაციას ვუწოდებთ, თავად ევროპელი ისტორიკოსების აზრით, მე-9 საუკუნიდან იწყებს არსებობას - 800 წელი და შარლემანის იმპერია - ესაა ევროპის დაბადების სიმბოლური დრო და ადგილი.
როდესაც წმ. ნინო ქართლში შემოვიდა, მას აქ ცივილიზაცია არ შემოუტანია, მან ქრისტეს სჯული იქადაგა და ქართლი მოაქცია. განსხვავებით ამისაგან, დასავლეთში ეკლესიამ, პირდაპირი აზრით, შექმნა ქრისტიანული ცივილიზაცია - ლათინი ბერები ბარბაროს ტომებს ვერგილიუსის „გეორგიკების“ მიხედვით ხვნა-თესვას ასწავლიდნენ.
ასე რომ, ქართული ქრისტიანული კულტურა მინიმუმ 5 საუკუნით მაინც არის უფროსი ევროპულ ცივილიზაციაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ევროპაში ვერ დავბრუნდებით, ჩვენ ევროპაში უნდა შევიდეთ, როგორც - ახალ საცხოვრისში.
ცხადია, ეს სავსებით შესაძლებელია წმინდა ცივილიზაციური არჩევანის პოზიციიდან. მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ ცივილიზაციურ არჩევანს წინ ისტორია - ე.წ. „პოლიტიკური კონიუნქტურა“ - ეღობება ხოლმე. ეს ისე - უბრალო შენიშვნის სახით.
ასეა თუ ისე, ჩვენი საზოგადოების ცივილიზაციური არჩევანი - ესაა ევროკავშირი, ევროპა, ევროპული სახლი.
თუმცა, ამ ინკლუზიას (ევროპულ ქრონოტოპოსში ჩართვას) თავისი პირობები აქვს - ზოგი მათგანი ცხადია და არტიკულირებული, როგორც იტყვიან, „გაწერილი“ რეკომენდაციების სახით, ხოლო ზოგიც - „ეკვივოკალური“ („ილინცური“ - არაპირდაპირი). მაგალითად, მავანმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა ბრძანა, რომ უკრაინელები ევროპისათვის (ვთქვათ ასე - ევროკავშირისათვის) იხოცებიან. ცხადია, ეს გამონათქვამი შემდეგ ინტენციას შეიცავს, - „მულო, შენ გეუბნები, რძალო, შენ გაიგონეო...“
უილიამ შექსპირს აქვს ასეთი ტრაგედია - „რიჩარდ III”, სადაც ამგვარი პასაჟი გვხვდება: რიჩარდი და რიჩმონდი სამეფო ტახტისათვის ბრძოლაში ერთმანეთს ეპაექრებიან. რიჩმონდი თავის პოტენციურ მომხრეებთან დაკავშირებით რიჩარდს ეუბნება, - „ჩემთვის ლოცულობენო“, რაზეც ეს უკანასკნელი მიუგებს, - „შენთვის ილოცებენ, მაგრამ ჩემთვის დაიხოცებიანო“...
მე მგონი, საკმაოდ აქტუალური ფრაზაა, თანამედროვე ევროპული (და - არა მხოლოდ!) პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებთ....