პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებზე იმსჯელეს
„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავალი 1.2 მლრდ. ლარით იზრდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის ცვლილებების წარდგენისას.
მომხსენებელმა პარლამენტის წევრებს მიმდინარე წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო და იმ მიმართულებებზე ისაუბრა, სადაც გაზრდილი შემოსავლები გადანაწილდება. მისი ინფორმაციით, დაგეგმილთან შედარებით, ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა ზრდამ, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა და საქონლის ექსპორტის გაზრდილმა მაჩვენებლებმა სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა განაპირობა.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გაზრდილი შემოსავლებიდან 710 მლნ. ლარი სახელმწიფოს მიერ არსებული ვალების შემცირებაზე, ხოლო 507 მლნ. ლარი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაფინანსების გაზრდას მოხმარდება. მომხსენებელმა დეპუტატებს სამინისტროებისთვის დამატებითი ასიგნებების განკარგვაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებზეც დამატებითი ფინანსური რესურსები იქნება მიმართული.