რევაზ ჯაველიძე საქართველოს მთავრობის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე საქართველოს მთავრობის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო. მსჯელობა გაიმართა 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ადვოკატირების, დონორთა მობილიზებისა და კოორდინაციის საკითხებზე.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, საქართველო ითვალისწინებს საერთაშორისო რეკომენდაციებს და ადასტურებს მზაობას, ჩაერთოს მოსახლეობის აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდში. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდად 2015-2024 წლებია განსაზღვრული.
თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლის, ჰასან მოჰთაშამის განცხადებით, საქართველოს სტატისტიკის სამსახურს აქვს ყველა შესაძლებლობა, კომპეტენცია და უნარი, რათა განახორციელოს ამ სახის სამუშაო მთელი ქვეყნის მასშტაბით. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა კარგადაა მომზადებული მასშტაბური სტატისტიკური სამუშაოს შესასრულებლად.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, აღწერის სავარაუდო ბიუჯეტი, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 29 მილიონ ლარს შეადგენს და დონორთა კონტრიბუცია ძალიან მნიშვნელოვანია.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, ფინანსური ინსტიტუციების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.