თბილისის მერმა ისნის რაიონში ახლადგახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, ისნის რაიონში, ახლადგახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი საინგილოს ქუჩაზე მდებარეობს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელმაც აღსაზრდელთა პირველი ნაკადი 15 სექტემბერს მიიღო, 230 ბავშვზეა გათვლილი და 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
ახალი შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტის შესაბამისად - მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, დამონტაჟებულია უსაფრთხოების ბადეები, ასევე, ეკრანი, სადაც მშობლებს შეუძლიათ, პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი სამზარეულო ბლოკში საკვების მომზადების პროცესს.
ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო სათამაშო მოედნებითა და ატრაქციონებით. პროექტის ღირებულებამ 3 600 000 ლარი შეადგინა.
ახლადგახსნილი საბავშვო ბაღი დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ დაათვალიერეს.